Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

ჩააბარეთ TOEFL -ის და IELTS -ის ტესტები და ისწავლეთ საზღვარგარეთ 5/5 (2)
5/52


ielts_toefl_1ჩააბარეთ TOEFL -ის და IELTS -ის ტესტები და ისწავლეთ საზღვარგარეთ

 

 

რატომ უნდა ჩავაბაროთ TOEFL -ის, ან IELTS -ის ტესტები?

მსოფლიოს თითქმის ყველა უნივერსიტეტი, სადაც სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტში მიღებისთვის სავალდებულო სხვა დოკუმენტებთან ერთად, ითხოვს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერთიფიკატს.

არსებობს მრავალი საერთაშორისო ტესტები, რომლებიც აფასებენ ინგლისური ენის ცოდნის დონეს, თუმცა მათ შორის ყველაზე პოპულარული ტესტებია TOEFL და IELTS. ამბობენ რომ IELTS უნდა ჩააბაროთ თუ ბრიტანეთში და ევროპაში გსურთ სწავლა და TOEFL თუ ამერიკულ უნივერსიტეტებში აპირებთ სწავლის გაგრძელებას, თუმცა უნივერსიტეტების უმრავლესობისთვის ორივე მისაღებია და როდესაც იპოვით სასურველ პროგრამას საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად, მის მოთხოვნებში აუცილებლად იქნება მითითებული თითოეული ტესტის მისაღები ქულა.

თითოეული ტესტის სერთიფიკატს ვადა აქვს მხოლოდ 2 წელი, ამიტომ სასურველია ჯერ გადახედოთ სასურველ პროგრამებს, გაარკვიოთ რომელი სერთიფიკატი მოითხოვება და ტესტის რა ქულა გჭირდებათ კონკრეტულ პროგრამაზე ჩასაბარებლად და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ მომზადება TOEFL- ში, ან IELTS -ში.

 

რა დონეზე უნდა იცოდე ინგლისური ენა, რომ ტესტის ჩაბარება შეძლოთ?

გახსოვდეთ, სანამ დაიწყებთ TOEFL -ში, ან IELTS -ში მომზადებას, ინგლისურ ენას უნდა ფლობდეთ თავისუფლად. ინგლისური ენის ცოდნის დონე  სასურველია იყოს Upper Intermediate, ან მინიმუმ  Intermediate. თუ ინგლისურ ენას არ ფლობთ კარგად, ან არ გქონიათ შეხება რამდენიმე წლის განმავლობაში, გირჩევთ რამდენიმე თვე ზოგადი ინგლისურის კურსი გაიაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდეთ TOEFL -ის, ან IELTS -ის კურსებზე, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ტყუილად დახარჯოთ დრო და ფინანსები.

TOEFL და IELTS -ის ტესტები ძირითადად ორიენტირებულია ენის ცოდნის 4 უნარ-ჩვევის გაუმჯობესებაზე: საუბარი, მოსმენა, წაკითხულის გააზრება და წერა. მათ ვინც თავისუფლად იციან ინგლისური, შეუძლიათ 2-3 თვიანი ინტენსიური მომზადების შემდეგ ჩააბარონ ეს ტესტები, თუმცა რა თქმა უნდა  ეს ინდივიდუალურია, ზოგს შეიძლება მეტი, ან ნაკლები დრო დაჭირდეს ამისთვის.

არსებობს მრავალი სასწავლო ცენტრი სადაც შეგიძლიათ გაიაროთ TOEFL -ის და IELTS -ის მოსამზადებელი კურსები, ხოლო საბოლოო საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება ხდება მხოლოდ იმ ორგანიზაციაში, სადაც ოფიციალურად აქვთ უფლება ჩაატარონ ეს გამოცდა.

თითოეულ გამოცდაზე გასვლა ფასიანია და უმჯობესია რამდენიმე თვით ადრე გაიაროთ რეგისტრაცია, რადგან ძირითადად გამოცდებზე ადგილები რამდენიმე კვირით ადრეა შევსებული. მაგალითად: თუ გსურთ გამოცდაზე გახვიდეთ 2-3 თვის შემდეგ, ჯობია ახლავე გაიაროთ რეგისტრაცია. ასევე გაითვალისწინეთ რომ გამოცდის ჩაბარების შემდეგ სერთიფიკატს მიიღებთ დაახლოებით 10-14 დღეში.

 

IELTS -ის და TOEFL -ის ტესტების საბოლოო ქულების შესაბამისობის ცხრილი
 

IELTS

ქულა

 

TOEFL iBT

ქულა

 

 

ინგლისური ენის ცოდნის დონე IELTS-ის და TOEFL-ის ქულების მიხედვით

 

9 118-120  

ენის ექსპეტ-მომხმარებელი. შეუძლია ინგლისური ენის გამოყენება ექსპერტის დონეზე.

 

8.5 115-117  

ენას ფლობს ძალიან კარგ დონეზე. ზოგჯერ ადგილი აქვს არასისტემატიურ, შემთხვევით შეცდომებს და უზუსტობებს. შეიძლება მოხდეს გაუგებრობა ზოგ უჩვეულო სიტუაციებში. ადამიანს დეტალურად შეუძლია ჩამოაყალიბოს რთული არგუმენტები.

 

8 110-114
7.5 102-109  

ფლობს ენას კარგ სამუშაო დონეზე. ადგილი აქვს არასისტემატიურ, შემთხვევით შეცდომებს და უზუსტობებს ზოგ სიტუაციებში. ზოგადად თავს ართმევს რთულ ინგლისურ ენას და ესმის მსჯელობა დეტალურად.

 

7 94-101
6.5 79-93  

ენის კომპეტენტური მომხმარებელი. ინგლისურ ენას ფლობს ეფექტურ დონეზე, მიუხედავად არსებული უზუსტობებისა, და გაუგებრობებისა. შეუძლია გამოიყენოს და გაიგოს საკმაოდ რთული ენა, განსაკუთრებით ჩვეულ სიტუაციებში.

 

6 60-78
5.5 42-59  

ენის მოკრძალებული მომხმარებელი. ინგლისურ ენას ფლობს ნაწილობრივ დონეზე, უმეტეს შემთხვევებში შეუძლია გამოიტანოს ზოგადი შინაარსი, თუმცა მოსალოდნელია ბევრი შეცდომების დაშვება. ძირითადად შეუძლია თავი გაართვას კომუნიკაციას საკუთარი სპეციალობის ფარგლებში.

 

5 35-41
4.5 32-34  

შეზღუდული მომხმარებლის დონე. აქვს ბევრი შეცდომები ლაპარაკის დროს და აქვს ენის გაგების პრობლემები. არ შეუძლია ლაპარაკის დროს რთული სიტყვების და წინადადებების გამოყენება.

 

0-4 0-31 ძალიან შეზღუდული მომხმარებლის დონე. სრულიად მოუმზადებელია ინგლისური ენის სარგებლობისათვის

 

 

დეტალური ინფორმაცია IELTS-ის ტესტის და გამოცდის შესახებ:

IELTS (ინგლისური ენის ტესტირების საერთაშორისო სისტემა) არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისური ენის საერთაშორისო ტესტი. მას ყოველ წელს ორ მილიონზე მეტი კანდიდატი აბარებს.

IELTS -ის ტესტი გზას გიხსნით ყველგან. ეს ტესტი კანდიდატებს ეხმარება იცხოვრონ, ისწავლონ და იმუშაონ საზღვარგარეთ. IELTS აღიარებულია 9,000-ზე მეტი ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს 140 ქვეყანაში, როგორიცაა სამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციები და დამსაქმებლები.

გამოცდის შედეგის მიხედვით განისაზღვრება შეძლებთ თუ არა სწავლას შერჩეულ პროგრამაზე დიდი ბრიტანეთის, ამერიკის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, კანადის და რიგი სხვა ქვეყნების ინგლისურენოვან სასწავლო დაწესებულებებში.

IELTS –ის გამოცდაზე 4 ძირითადი უნარ–ჩვევების შეფასება ხდება: კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების აღქმის (სმენის) და საუბრის.

ტესტში  ოთხივე უნარი ცალკ-ცალკე 9–ქულიანი შკალის მიხედვით ფასდება. ყველაზე მაღალი დონე მეცხრეა (Band 9 – “შეუძლია ინგლისური ენის გამოყენება ექსპერტის დონეზე”), ყველაზე დაბალი – პირველი  (Band 1 – “სრულიად მოუმზადებელია ინგლისური ენის სარგებლობისათვის” ).  საბოლოოდ მიღებული ქულები ჯამდება და მიიღება საშუალო ქულა.

IELTS -ის ოფიციალური გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 45 წუთია. აქედან 30 წუთი ეთმობა სმენითი უნარების შემოწმებას, 60 წუთი კითხვის და 60 წუთი წერის უნარების, და 15 წუთი საუბრის უნარების შემოწმებას. IELTS -ის  ტესტის საუბრის ნაწილი შეიძლება ჩატარდეს ან იმავე დღეს, ან ტესტის წერით ნაწილიდან 7 დღის განმავლობაში. ტესტის საუბრის ნაწილის თარიღები დამოკიდებულია გამოცდაზე რეგისტრირებული კანდიდატების რაოდენობაზე.

 

 

IELTS -ის რამდენი ქულაა საჭირო უნივერსიტეტში ჩასარიცხად?

უნივერსიტეტში ჩასარიცხად IELTS -ის საშუალო ქულა შეადგენს 6.0 -დან 7.0 -მდე, სპეციალობის და უნივერსიტეტის მიხედვით. მინიმალურ ქულებს ყველა უნივერსიტეტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს. არსებობენ უნივერსიტეტები, რომლებისთვისაც 5.5 ქულაც მისაღებია.

იურიდიულ, ფილოლოგიურ და თეატრალურ ფაკულტეტებზე ჩაბარებისათვის ჩვეულებრივად უფრო მაღალი IELTS ქულა მოითხოვება.

IELTS სერთიფიკატი ძალაშია მხოლოდ ორი წლის განმავლობაში.

 

არსებობს  IELTS-ის გამოცდის ორი ვარიანტი:
  • Academic Module (აკადემიური მოდული)
  • General Training Module (ზოგადი მოდული)

ინფორმაცია მოდულების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.britishcouncil.ge/exam/ielts/registration

 

სად მოვემზადოთ IELTS -ის გამოცდისთვის:

თბილისში ბევრი სასწავლო ცენტრია, სადაც შეგიძლიათ გაიაროთ IELTS -ის მოსამაზადებელი კურსი. კურსის დაწყებამდე, მსურველები გადიან ინგლისური ენის ცოდნის დონის შესამოწემებელ ტესტირებას და ამის შემდეგ ხვდებიან შესაბამისი დონის ჯგუფში.  კურსის ღირებულება სხვადასხვა სასწავლო ცენტრში სხვადასხვაა. შეგიძლიათ ინდივიდუალურად დაუკავშირდეთ სასწავლო ცენტრებს და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ფასის მქონე კურსი.

შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა სასწავლო ცენტრები, სადაც შეგიძლიათ გაიაროთ IELTS-ის კურსები: http://eduguide.ge/foreign-lng-centers/

 

 სად შეიძლება ჩავაბაროთ IELTS -ის ოფიციალური გამოცდა:

IELTS -ის ტესტის ოფიციალური გამოცდა ტარდება თბილისში, ბრიტანეთის საბჭოს მიერ, წელიწადში რამდენიმეჯერ დაწინასწარ განსაზღვრულ თარიღებში. გამოცდის თარიღები იხილეთ ბმულზე: https://www.britishcouncil.ge/exam/ielts/dates-fees-locations

IELTS-ის გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურის და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://www.britishcouncil.ge/exam/ielts/registration

 

დეტალური ინფორმაცია TOEFL-ის ტესტის და გამოცდის შესახებ:

მსოფლიოში უკვე 30 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ჩაბარებული TOEFL-ის ტესტი. 130-ზე მეტ ქვეყანაში, 9000-ზე მეტი უნივერსიტეტი, სააგენტო და სხვა საგანმანათლებლო სასწავლებელი აღიარებს TOEFL -ის ტესტს, როგორც მისაღებ ტესტს მათი მომავალი სტუდენტების ინგლისური ენის ცოდნის შესამოწმებლად.

TOEFL-ის გამოცდით ენის ცოდნის ოთხი უნარი მოწმდება: წერა, კითხვა მოსმენა და საუბარი. მაგალითად, კითხვის სექციაში თქვენ შეგხვდებათ ნაწყვეტი ტექსტიდან და ტექსტის ბოლოს კითხვები წაკითხულის გააზრების შესამოწმებლად. თქვენს მიერ დაწერილი თემა გამოყენებული იქნება თქვენი წერითი უნარის შესამოწმებლად. მოსმენილის სექცია თქვენგან მოითხოვს, რომ გაიგოთ საუბარი, და გასცეთ კითხვებს პასუხი. საუბრის უნარის დასადგენად, პასუხები უნდა გასცეთ თქვენთვის დასმულ კონკრეტულ შეკითხვებზე.

TOEFL -ის მოსამზადებელ კურსებზე სმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გარდა, მსმენელებს ასევე ასწავლიან ტესტის წარმატებით ჩაბარებისთვის საჭირო ტექნიკას და სტრატეგიებს. კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გააკეთონ გამოცდის სიმულაციური ტესტები, რაც შემდეგში ეხმარება მათ გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში.

გამოცდის ხანგრძლივობა 4 – 4.30 საათია. გამოცდაზე გასვლის ერთჯერადი ღირებულება კი 165 დოლარია. მსურველები TOEFL-ის  გამოცდისთვის ოფიციალურ საიტზე რეგისტრირდებიან, ონლაინ სააპლიკაციო ფორმის საშუალებით. ვებ-გვერდის მისამართია: https://www.ets.org/toefl

 

არსებობს TOEFL -ის ტესტის 2 ვარიანტი:
  • iBT (internet based test)
  • PBT (Paper Based Test)

TOEFL iBT -ის  გამოცდის ინტერნეტით ჩაბარების დროს, ქულის მაქსიმალური ოდენობა 120-ია და გამოცდა კომპიუტერთან დაახლოებით 4 საათი და 30 წუთი გრძელდება. თითოეული უნარი 30 ქულით ფასდება. ასევე შესაძლებელია TOEFL Paper Based Test -ის წერითი გამოცდის ჩაბარება, თუმცა ის ძირითადად ტარდება ისეთ ადგილებში, სადაც ინტერნეტი მიუწვდომელია.

 

ვის შეუძლია ჩააბაროს TOEFL-ის გამოცდა?

მათ ვისაც სურთ TOEFL -ის გამოცდის ჩაბარება, პირველ რიგში ზოგად ინგლისურში უნდა მოემზადონ კარგად. ადამიანს უნდა შეეძლოს უცხო ტექსტის წაკითხვა და თარგმნა, თავისუფალი თემის დაწერა, დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და შეეძლოს მოსმენილის გააზრება. როცა მოსწავლე გადის TOEFL -ის კურსებს აქ უკვე ხდება ენის ცოდნის ამ ოთხი უნარ-ჩვევის გაუმჯობესება, და ასევე მიმდინარეობს მუშაობა გამოცდის წარმატებით ჩაბარების სტრატეგიებზე.

ხშირად TOEFL -ის გამოცდის ჩაბარების მსურველებს ჰგონიათ, რომ მოსამზადებელ კურსებზე ისინი შეისწავლიან ენას, თუმცა TOEFL -ის  გამოცდისთვის მომზადება ნიშნავს TOEFL-ის გამოცდის სტრატეგიებისთვის მომზადებას. რა თქმა უნდა, TOEFL -ის მოსამზადებელ კურსებზე, რაღაც დონეზე ხდება ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება: სიტყვათა მარაგის შევსება, სმენითი უნარების გაუმჯობესება, წერის ტექნიკის ათვისება, ტექსტის სწრაფად კითხვის უნარების გამომუშავება და სხვა უნარების განვითარება, მაგრამ მოსამზადებელი კურსი არ ნიშნავს იმას, რომ ემზადებით ენაში, თქვენ გამზადებენ ტესტის წარმატებით ჩაბარების და მაღალი ქულის აღების სტრატეგიებში.

გამოცდაზე გასვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ადამიანს არ აქვს ინგლისური ენის შესაბამისი დონე, გამოცდაზე მიიღებს დაბალ ქულას და ეს არ იქნება საკმარისი მისთვის სასურველ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.

 

სად მოვემზადოთ TOEFL -ის გამოცდისათვის:

თბილისში ბევრი სასწავლო ცენტრია, სადაც შეგიძლიათ გაიაროთ TOEFL -ის მოსამაზადებელი კურსი. კურსის დაწყებამდე, მსურველები გადიან ცოდნის დონის შესამოწემებელი ტესტირებას და ამის შემდეგ ხვდებიან შესაბამისი დონის ჯგუფში.  კურსის ღირებულება სხვადასხვა სასწავლო ცენტრში სხვადასხვაა. შეგიძლიათ ინდივიდუალურად დაუკავშირდეთ სასწავლო ცენტრებს და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ფასის მქონე კურსი.

შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა სასწავლო ცენტრები, სადაც შეგიძლიათ გაიაროთ TOEFL -ის კურსები: http://eduguide.ge/foreign-lng-centers/

 

სად შეიძლება ჩავაბაროთ TOEFL-ის ოფიციალური გამოცდა:

TOEFL-ის ოფიციალურ გამოცდაზე რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ETS TOEFL-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.ets.org/toefl

დამატებითი ინფორმაცია ETS TOEFL-ის ვებ-გვერდზე, TOEFL iBT გამოცდაზე რეგისტრაციის პროცესის შესახებ:

ETS TOEFL-ის ვებ-გვერდზე, ონლაინ აპლიკაციის დახმარებით  TOEFL iBT -ის გამოცდაზე რეგისტრაციის დროს, თქვენ გექნებათ საშუალება ამოარჩიოთ ტესტის ჩაბარების ადგილმდებარეობა, სადაც ამოირჩევთ საქრთველოს, შემდეგ საურველ რეგიონს, ტესტის ჩაბარების სავარაუდო თარიღებს, რის შემდეგაც ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ ტესტის ჩაბარების რამდენიმე საგამოცდო ცენტრს, სადაც ჩატარდება ოფიციალური გამოცდა. სასურველი საგამოცდო ცენტრის და თარიღის არჩევის შემდეგ, უნდა აირჩიოთ ონლაინ გსურთ ტესტის საბოლოო შედეგის მიღება, თუ თქვენი სურვილია გაიგოთ შედეგები როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე გსურთ მიიღოთ სერთიფიკატის ასლი ფოსტით. შემდეგ შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული უნივერსიტეტები, სადაც გსურთ რომ ტესტის შედეგები ავტომატურად გაიგზავნოს, ან გამოტოვოთ ეს საფეხური და გადახვიდეთ შემდეგ საფეხურზე, შემდეგ შემოგთავაზებთ რომ შეიძინოთ ფასიანი TOEFL-ის მოსამზადებელი ონლაინ კურსები, თუმცა შეგიძლიათ ეს საფეხურიც გამოტოვოთ. რეგისტრაციის დასასრულს გამოჩნდება ტესტის ოფიციალური გამოცდის ჩაბარების საფასური, რომელიც შეადგენს 165 დოლარს. გადახდა შესაძლებელია საკრედიტო ბარათით ონლაინ რეჟიმში.

ვიმედოვნებთ რომ, ამ სტატიის დახმარებით მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას TOEFL-ის და IELTS-ის საერთაშორისო ტესტების და ოფიციალური გამოცდების  შესახებ და ეს დაგეხმარებათ თქვენი სამომავლო მიზნების მიღწევაში.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს,  ვისაც სურს მეტი დეტალების გაგება TOEFL -ის, ან  IELTS -ის ტესტების და გამოცდების შესახებ, გთხოვთ სტატიის ბოლოს, კომენტარების სახით მოგვწეროთ დამატებითი შეკითხვები და ჩვენ დაგემხარებით იმ საკითხებში გარვკვევაში.

გისურვებთ წარმატებებს.

ედუ-გაიდის გუნდი.

იხილეთ სხვა მსგავსი სტატიები

გაიარეთ რეგისტრაცია, მოხვდით www.edu-guide-ge -ს ბაზაში და არ გამოტოვოთ უახლესი სასწავლო პროგრამები. სიახლეების გამოწერის სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/AI1J16

*** გაინტერესებთ  სტიპენდიები, სწავლა საზღვარგარეთ, განათლების გამოფენები, უცხო ენათა შესწავლა, საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადება, ტრეინინგები სხვადასხვა თემებზე, პროფესიული სწავლება, ან აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრები?  ეწვიეთ ვებ-გვერდს  Edu-Guide.ge -ს და არ გამოტოვოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამები! ***

 

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე და არ გამოტოვოთ არცერთი საინტერესო პროგრამა: https://www.facebook.com/EduGuide.Ge/

 

Please rate this