Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

რა ეტაპები უნდა გაიაროთ საზღვარგარეთ სწავლისათვის საჭირო სტიპენდიების მოსაპოვებლად No rating results yet


LandingPage

რა ეტაპები უნდა გაიაროთ საზღვარგარეთ სწავლისათვის საჭირო სტიპენდიების მოსაპოვებლად

საზღვარგარეთ სწავლისათვის საჭირო სტიპენდიების მოპოვება საკმაოდ შრომატევადი და კონკურენტული პროცესია. ეს ხდება იმიტომ რომ სტიპენდიბის მოპოვების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია, ხოლო სტიპენდიები კი შეზღუდული, აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ ყველას სურვილი ვერ იქნება დაკმაყოფილებული.

იმისათვის რომ გაიმარჯვოთ, საჭიროა სტიპენდიის გამცემი დაარწმუნოთ რომ ხართ საუკეთესო კანდიდატი და რომ მის მიერ გაცემული თანხები დაიხარჯება ეფექტურად და მიზნობრივად.

ბევრ ადამიანს მოუპოვებია სტიპენდია, ალბათ თქვენც მოგისმენიათ რამდენიმე წარმატების ისტორია. საინტერესოა თუ როგორ მოახერხეს ამ ადამიანებმა გამარჯვება? იყვნენ თუ არა ისინი უფრო განათლებულები ვიდრე სხვა კანდიდატები, თუ უბრალოდ გაუმართლათ?

თუ შეეცდებით გაარკვიოთ, თუ რაში მდგომარეობს ამ ადამიანების წარმატების საიდუმლო, აღმოაჩენთ რომ არაფერია განსაკუთრებული და მათი უმრავლესობა შემდეგი ეტაპების გავლას გირჩევთ:

უმაღლესი სასწავლების დიპლომი და ნიშნების ამონაწერი

როგორც კი დაამთავრებთ უმაღლეს სასწავლებელს, ეცადეთ რაც შეიძლება მალე აიღოთ თქვენი დიპლომი, ნიშნების ამონაწერი, ცნობა უნივერსიტეტიდან და გადაიღოთ რამდენიმე ასლი. ამის შემდეგ გააკეთეთ თითოეულის თარგმანი ( იმ უცხო ენაზე რომელსაც ფლობთ) თარჯიმანთა ბიუროში და იქვე ნოტარიულად დაამოწმებინეთ.

სარეკომენდაციო წერილი

დააწერინეთ რეკომენდაცია მინიმუმ 2 ლექტორს, რომლებიც ყველაზე კარგად გიცნობენ. ამის შემდეგ რეკომენდაცია ამოაბეჭდინეთ უნივერსიტეტის ტიტულიან ფურცელზე და ხელი მოაწერინეთ ლექტორებს. ასევე არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ თითოეული ლექტორის საკონტაქო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი). შემდეგ ორივე რეკომენდაცია თარგმნეთ იმ უცხო ენაზე რომელსაც ფლობთ. გაითვალისწინეთ რომ ზოგიერთ პროგრამას სპეციალური ფორმა აქვს სარეკომენდაციო წერილისთვის, ამ შემთხვევაში სწორედ ეს ფორმა უნდა შეავსებინოთ თქვენს ლექტორს.

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი

ძალიან ცოტაა ისეთი პროგრამა რომელიც არ ითხოვს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ საეთაშორისო სერთიფიკატს. თუ არ გაქვთ ასეთი სერთიფიკატი დაუყოვნებლივ დაიწყეთ მომზადება.

CV  და საზღვარგარეთის პასპორტი

გააკეთეთ დეტალური CV. ეცადეთ არ გამოგრჩეთ არცერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. ასევე თუ არ გაქვთ საზღვარგარეთის პასპორტი დაუყოვნებლივ აიღეთ.

მოწვევის წერილი სასურველი უნივერსიტეტიდან და თქვენ მიერ არჩეული ფაკულტეტის ხელმძღვანელი

პირველ რიგში სასურველი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე მოძებნეთ თქვენს მიერ არჩეული ფაკულტეტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა და დაუკავშირდით. მიწერეთ დეტალური ინფორმაცია თქვენს შესახებ თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენელი ხართ, რომელი უნივერსიტეტი და რა ფაკულტეტი დაამთავრეთ, თუ როგორ დააფინანსებთ თქვენს სწავლას ამ უნივერსიტეტში. იმ შემთხვევაში თუ სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში მონაწილეობთ, აცნობეთ თუ ვინ გასცემს ამ სტიპენდიას. ამის შემდეგ სთხოვეთ მოგწეროთ იმ საბუთების ჩამონათვალი, რომელიც საჭიროა ამ უნივერსიტეტიდან მოწვევის წერილის მისაღებად. საბუთების სავარაუდო ჩამონათვალი შემდეგი იქნება:

  • შევსებული და ხელმოწერილი უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმა
  • დიპლომის და ნიშნების ფურცლის ნოტარიულად დამოწმებილი ასლები
  • სარეკომენდაციო წერილები
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი
  • CV – Curriculum Vitae
  • საზღვარგარეთის პასპორტის ასლი
  • ჯანმრთელობის ცნობა
  • ფოტოსურათი

სანამ უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსებას დაიწყებთ, გაარკვიეთ ხომ არ არის გადასახდელი სააპლიკაციო მოსაკრებელი. ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 50-200 ევრო ან დოლარი. სააპლიკაციო გადასახადს უნივერსიტეტები აწესებენ იმისათვის, რომ მხოლოდ იმ სტუდენტების განაცხადები განიხილონ, ვისაც ნამდვილად სურს მათ უნივერისტეტში ჩაბარება და არ დაკარგონ დრო იმ სტუდენტების საბუთების განხილვაზე რომლებიც არასერიოზულად ეკიდებიან ამ საკითხს.

აპლიკაციის შევსების დროს გაითვალისწინეთ შემდეგი:

1.გაარკვიეთ ხართ თუ არა უფლებამოსილი

შეავსეთ და გააგზავნეთ აპლიკაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მონაცემები შეესაბამება პროგრამის ყველა მოთხოვნას.

2. სრულად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა

არცერთი გრაფა არ დატოვოთ ცარიელი. თუ რაიმე გაუგებარია აუცილებლად მიწერეთ თქვენს მიერ არჩეული ფაკულტეტის ხელმძღვანელს,  ან პროგრამის კოორდინატორს და გაარკვიეთ ზუსტად რა არის მოთხოვნილი.

3.არ გადააჭარბოთ დადგენილ პირობებს

მოამზადეთ და გაუგზავნეთ ყველა ის დოკუმენტი, რაც მოთხოვნილია და არ დაურთოთ ზედმეტი დოკუმენტები.

4.დაიცავით სისუფთავე

ეცადეთ რაც შეიძლება სუფთად და შეცდომების გარეშე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა. ამისათვის გააკეთეთ რამდენიმე ასლი. ჯერ შავად შეავსეთ და საბოლოოდ გადაათეთრეთ.

5. დაწერეთ შთამბეჭდავი სამოტივაციო წერილი

წარმატებული სამოტივაციო წერილის დასაწერად საჭიროა იყოთ რაც შეიძლება კონკრეტული. მოიყვანეთ მაგალითები პირადი გამოცდილებიდან. ერთი პატარა შემთხვევაც კი, რომელმაც არსებითი გავლენა მოახდინა თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში და განვითარებაში, შეიძლება გახდეს თქვენი წარმატების საფუძველი.

6.საბოლოო შემოწმება

თავიდან ბოლომდე დაწვრილებით წაიკითხეთ თქვენი სააპლიკაციო ფორმა და დარწმუნდით რომ ყველაფერი რიგზეა.

 

საბუთების ჩაბარება

მას შემდეგ რაც ყველა საბუთი მზად გექნებათ უნივერსიტეტი მოგთხოვთ მათ გაგზავნას ფოსტის ან ელ-ფოსტის დახმარებით, ზოგი უნივერსიტეტი კი მოგთხოვთ ყველა საბუთის ასლის ონლაინ რეჟიმში ატვირთვას მათი უნივერსიტეტის გვერდზე.

შეიძლება თქვენს მიერ ფოსტით გაგზავნილი საბუთები დაიკარგოს, ან მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი. ამიტომ არასოდეს გაუგზავნოთ უნივერსიტეტს თქვენი ორიგინალი საბუთები და ყოველთვის გქონდეთ ყველა იმ საბუთის მეორე ასლი, რასაც გაგზავნით.

გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი თარიღები და ვადები

უმჯობესია საბუთები ჩააბაროთ საბუთების ჩაბარების ოფიციალურ თარიღამდე 1 ან 2 კვირით ადრე. ეს უპირატესობას მოგცემთ იმ კანდიდატებთნ შედარებით, რომლებიც ბოლო წამს ელოდებიან საბუთების ჩასაბარებლად.

გაითვალისწინეთ რომ უნივერსიტეტიდან მოწვევის გამოგზავნას შეიძლება 1 თვე დაჭირდეს, განსაკუთრებით მაშინ თუ ამ მოწვევის წარდგენა გჭირდებათ სტიპენდიების მოსაპოვებელ ინტერვიუზე.

პარალელურად გაარკვიეთ, გარდა უნივერსიტეტის მოწვევისა, რა საბუთები გჭირდებათ სტიპენდიების მოსაპოვებელ ინტერვიუზე წარსადგენად.

მოწვევის მიღების შემდეგ დაურთეთ იგი დანარჩენ დოკუმენტებს, შეიტანეთ შესაბამის სასტიპენდიო ორგანიზაციაში და დაელოდეთ ინტერვიუს.

ოჯახი

მათ ვისაც ოჯახი გყავთ გაითვალისწინეთ, რომ ყველა სასტიპენდიო პროგრამა არ იძლევა ოჯახის წევრების თან წაყვანის შესაძლებლობას. ამიტომ გაარკვიეთ არის თუ არა დამატებითი სახსრები გათვალისწინებული ამისათვის. ხშირ შემთხვევაში სტიპენდია ფარავს მხოლოდ ერთი ადამიანის ტრანსპორტირების, ცხოვრების და დაზღვევის ხარჯებს, თუმცა გამორიცხული არაფერია.

ჯანმრთელობა

გასათვალისწინებელია ასევე ჯანმრთელობის საკითხი. სტიპენდიების უმრავლესობა უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, თუმცა ზუსტად უნდა გაარკვიოთ თუ რა შედის დაზღვევაში. იმ შემთხვევაში თუ დაზღვევა არ ითვალისწინებს მაგალითად სტომატოლოგიურ, ან თვალთან დაკავშირებული პრობლემების მკურნალობის ხარჯების დაფარვას, მაშინ საქართველოში მკურნალობა ბევრად უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე საზღვარგარეთ და უმჯობესი იქნება ამგვარი პრობლემების გამგზავრებამდე მოგვარება.

მართვის მოწმობა

მანქანის ყოლა ძალიან გაგიადვილებთ საქმეს, განსაკუთრებით თუ ოჯახთან ერთად მიდიხართ. გაარკვიეთ გამოგადგებათ თუ არა საქართველოს მართვის მოწმობა იმ ქვეყანაში, სადაც მიდიხართ. ზოგიერთი ქვეყნები სტუდენტებს უფლებას აძლევენ გამოიყენონ უცხო ქვეყნის მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის აღება სხვა ქვეყანაში გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, ამიტომ თუ მანქანის ყოლას აპირებთ უმჯობესია ეს საკითხი გამგზავრებამდე მოაგვაროთ.

ამგვარად, ეს არის ის ეტაპები რის გავლაც მოგიწევთ საზღვარგარეთ სწავლისათვის საჭირო სტიპენდიების მოსაპოვებლად. დაიმახსოვრეთ რომ კარგი მომზადება ნახევარი საქმის ტოლფასია. ასე რომ მოინდომეთ, მოემზადეთ და მოიპოვეთ სტიპენდია.

გისურვებთ წარმატებებს!

*** გაინტერესებთ  სტიპენდიები, სწავლა საზღვარგარეთ, განათლების გამოფენები, უცხო ენათა შესწავლა, საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადება, ტრეინინგები სხვადასხვა თემებზე, პროფესიული სწავლება ან აბიტურიენთა მოსამზადებელი ცენტრები?  ეწვიეთ ვებ-გვერდს  Edu-Guide.ge -ს და არ გამოტოვოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამები! ***

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე და არ გამოტოვოთ არცერთი საინტერესო პროგრამა: https://www.facebook.com/EduGuide.Ge/

 

Please rate this