Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> ფონდები და საელჩოები >



სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის ბრძანების საფუძველზე დაარსდა, როგორც სსიპ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) უფლებამონაცვლე.

ფონდის საქმიანობა მიმართულია მეცნიერების დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველსაყოფად, მეცნიერების დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებისკენ. ფონდი ახორციელებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ბენეფიციართა საქმიანობის მონიტორინგს და სამინისტროსათვის წარადგენს ანგარიშს საგრანტო დაფინანსების საფუძველზე შექმნილი ახალი სამეცნიერო პროდუქციისა და მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტის მონაცემების თაობაზე.

ფონდის ძირითადი მიზნები:

საქართველოში სამეცნიერო საქმიანობის განვითარების ფინანსური ხელშეწყობა;
ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კვლევითი და ინოვაციური პროექტების დაფინანსება;
ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვა;
მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
ქართული აკადემიური წრეების საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მხარდაჭერა.
ფონდის საქმიანობას ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ფონდის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს სამეცნიერო საბჭო, რომელიც ითანხმებს ფონდის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს; კონტროლს უწევს თითოეული სამეცნიერო მიმართულებისათვის განსაზღვრული დაფინანსების ხარჯვას და ამტკიცებს დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე დასაფინანსებლად წარდგენილ პროექტებს.

სამეცნიერო საზოგადოებასთან, სახელმწიფოსათან და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით ფონდი თავის საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად.

ფონდის საქმიანობის პრიორიტეტები:

სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება
ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა
სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება
მეცნიერების პოპულარიზაცია
სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საგრანტო პროექტებს ათი სამეცნიერო მიმართულებით აფინანსებს:
1. ქართველოლოგიის მეცნიერებები;
2. ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები;
3. საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები;
4. საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები;
5. მათემატიკური მეცნიერებები;
6. ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები;
7. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
8. სამედიცინო მეცნიერებები;
9. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;
10. აგრარული მეცნიერებები.

ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში განაცხადების წარდგენა ხდება ელექტრონულად. ფონდი ადმინისტრირებას უწევს საქართველოს მეცნიერთა ერთიან მონაცემთა ბაზას, რომელიც მუდმივად განახლებადია დარეგისტრირებული მეცნიერების მიერ.