Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> უმაღლესი სასწავლებლები > გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი
  • გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი
  • სანდრო ეულის ქ. №3, საპატრიარქოს ტელევიზიის "ერთსულოვნება" შენობა, მე-5 სართული.
  • 2 30 65 94
  • saeklesiogaloba@yahoo.com
  • galoba.edu.ge/
  • რუკაზე ნახვა
 
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის მისიაა წამყვანი როლი შეასრულოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურებაში მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის საყოველთაო აღორძინებასა და დამკვიდრებაში.

სასწავლებლის ისტორია

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი დაფუძნდა 2006 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის მიერ. სასწავლებლის შექმნის სათავეებთან იდგნენ მამა დავითის მონასტრის არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე) და ქართული ხალხური სიმღერა-გალობის დიდი მოამაგე ანზორ ერქომაიშვილი. ინიციატივას გვერდით დაუდგა ქართული ტრადიციული მუსიკის მოყვარული ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი, რომლის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა   სასწავლებლის ჩამოყალიბება.

2006 წლის 19 სექტემბერს, სასწავლებლის შენობის კურთხევისას, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა: „ჩვენ ვიწყებთ ძალიან დიდ საქმეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ლოტბარები, ვისაც ჩვენ აღვზრდით, მთელ საქართველოში შექმნიან გუნდებს, რომელთა მეშვეობითაც მთელი საქართველო ადიდებს უფალს“.

   

სწავლება

 უმაღლესი სასწავლებელი ახორციელებს საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამებს უმაღლესი განათლების ორ საფეხურზე (საეკლესიო მუსიკის საბაკალავრო და საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამებზე); სასწავლებელში ფუნქციონირებს მოსამზადებელი განყოფილება, სადაც აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ მოემზადონ როგორც ერთიანი ეროვნული, ისე შიდა მისაღები გამოცდებისათვის.

თანამედროვე ტექნიკური, საინფორმაციო და კომუნიკაციის საშუალებებით აღჭურვილ სასწავლებელში ყველა პირობაა შექმნილი  საეკლესიო მუსიკისა და ქართული ხალხური სიმღერის, ლიტურგიკის, დოგმატიკის სფეროში თეორიული ცოდნითა და საშემსრულებლო-პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი საეკლესიო გუნდის რეგენტებისა და  მგალობლების, ასევე საეკლესიო მუსიკის მკვლევარების მომზადებისათვის.

წარჩინებული სტუდენტებისათვის დაწესებულია სტიპენდიები როგორც სასწავლებლის ადმინისტრაციის, ისე საქველმოქმედო ფონდის „ქართული გალობა“ (ხელმძღვანელი ნანა გოთუა) მიერ.

     

სასწავლებელში ჩარიცხვა

საეკლესიო მუსიკის საბაკალავრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური კომპეტენციის  ზღვრის გადალახვისა და შიდა გამოცდების შედეგების საფუძველზე. შიდა გამოცდები ტარდება შემდეგ საგნებში:

  • საეკლესიო გალობა და ხალხური სიმღერა (ზეპირი);
  • მუსიკის თეორია-სოლფეჯიო (წერა-ზეპირი);
  • საქართველოს ისტორია (ზეპირი);
  • ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო) (გასაუბრება);
  • ინგლისური ენა (გასაუბრება).

საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება შიდა გამოცდების შედეგების მიხედვით საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე. შიდა გამოცდები ტარდება შემდეგ საგნებში:

  • მუსიკის ისტორია და თეორია (ზეპირი);
  • ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო) (გასაუბრება);
  • ინგლისური ენა (გასაუბრება)

2015-2016 სასწავლო წლისათვის ბაკალავრიატში მიიღებიან როგორც ვაჟები, ასევე გოგონებიც.

სასწავლებელი ასევე აცხადებს მიღებას სასერთიფიკატო კურსებზე:

● ქართული ხალხური სიმღერა;

● ქართული საეკლესიო გალობა;

● მუსიკალური ანბანი და სოლფეჯიო;

● ქართული ხალხური საკრავები.

  

სახელოსნოები

სასწავლებელში ფუნქციონირებს საეკლესიო მუსიკისა და ქართული ხალხური სიმღერის კათედრა და შესაბამისი პროფილის ორი სახელოსნო — ანზორ ერქომაიშვილისა და მალხაზ ერქვანიძის. კვალიფიციური პედაგოგები სტუდენტებს შეასწავლიან ტრადიციულ ქართულ საგალობლებსა და სხვადასხვა კუთხის ქართულ ხალხურ სიმღერებს, მუსიკის თეორიას, სოლფეჯიოს, ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორიასა და თეორიას, ქართულ ხალხურ საკრავებს,  ახალსა და ძველ აღთქმას, დოგმატიკას, ლიტურგიკას, ლიტურგიკულ კითხვას, მუსიკალურ ინფორმატიკას, საქართველოსა და საქართველოს ეკლესიის ისტორიას და სხვ.

                                   

სტუდენტური ცხოვრება

სასწავლებლის სტუდენტები  მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონცერტებში, სტუდენტურ დღეებში, სასწავლებელში ტარდება საჯარო ლექციები, სამეცნიერო კონფერენციები, საანგარიშო კონცერტები, ცნობილი მომღერლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების  შემოქმედებითი საღამოები.

სასწავლებელს ჰყავს ქართული სიმღერისა და გალობის გაერთიანებული გუნდი, რომლის ხელმძღვანელია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თავჯდომარე გიორგი დონაძე.

სასწავლებლის სტუდენტთა უმეტესობა ამავე დროს გალობს თბილისის სხვადასხვა ტაძრებში, ხოლო კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი მუშაობს  თავისი სპეციალობით – ქართული გალობისა და სიმღერის რეგენტ-ლოტბარებად როგორც თბილისში, ასევე – რეგიონებში. ამ მხრივ ფონდი „ქართული გალობა“ ახორციელებს გამორჩეული სტუდენტების რეგიონებში დასაქმების და ხელფასით უზრუნველყოფის ინიციატივას.