Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> უმაღლესი სასწავლებლები > ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

 
ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორია პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ამიერკავკასიაში და მისი დაარსების დღიდან (1917წ.) მუსიკალური განათლებისა და მუსიკალური ხელოვნების სფეროში კვლევების მთავარ კერას წარმოადგენს საქართველოში.

კონსერვატორიის მისიაა:

  • პიროვნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება კულტურული, ზნეობრივი და ინტელექტუალური განვითარებით, რაც უზრუნველყოფილია მუსიკალური ხელოვნების სფეროში უწყვეტი  – დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი  განათლების მიღებით.
  • საზოგადოებისა და სახელმწიფოს  მოთხოვნების დაკმაყოფილება  უმაღლესი განათლების მქონე კვალიფიციური სპეციალისტებისა და მაღალი დონის პედაგოგიური კადრების მომზადების გზით.
  • მუსიკალური ხელოვნების და მეცნიერების განვითარება აკადემიური და სამეცნიერო  პერსონალის, სტუდენტების შემოქმედებით-პრაქტიკული მოღვაწეობის და სამეცნიერო კვლევების მეშვეობით.
  • პიროვნების შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე მუსიკოს-შემსრულებლების მომზადება, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების შეთავაზება დაინტერესებულ პირთათვის.

დღეს კონსერვატორიაში 180-მდე პროფესორ-მასწავლებელი მუშაობს. მათ შორის 19 სრული პროფესორია, 80-ზე მეტი ასოცირებული პროფესორი, ხოლო 16 კი ასისტენტ-პროფესორია. ისინი ეწევიან აქტიურ პედაგოგიურ, პროფესიულ-საშემსრულებლო და სამეცნიერო მოღვაწეობას. გამოდიან კონცერტებით, ატარებენ მასტერკლასებსა და საჯარო ლექციებს, მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

დაარსების დღიდან კონსერვატორია გახდა მნიშვნელოვანი კულტურული და სამეცნიერო-საგანმანათლებლო კერა. აქ ეწყობა სხვადასხვა სახის მუსიკალური ფორუმები, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსები, თემატური საღამოები თუ საკონცერტო ციკლები, სტუდენტთა ძალებით ხორციელდება საოპერო დადგმები.

დღეს კონსერვატორიას ფართო საერთაშორისო კავშირები აქვს; 2000 წლიდან კონსერვატორიაში სისტემატურად ტარდება მასტერკლასები, ყოველწლიური ”საგაზაფხულო საშემსრულებო სემინარები” (ჟერომ პერნოს (ჩელო), ჟერომ დიუკროს (ფ-ნო), გვიდო ზეგერსის (საყვირი) და იოჰან შტრუბის (ფ-ნო)) და კონკურსები სხვადასხვა საშემსრულებლო სპეციალობებით, რომელთაც მსოფლიოში სახელმოხვეჭილი უცხოელი და ქართველი მუსიკოსები მართავენ.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საკონცერტო ცხოვრების ცენტრია. სხვადასხვა წლებში კონსერვატორიის მცირე და დიდ საკონცერტო დარბაზებში კონცერტებს მართავდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები: ვ. ჰოროვიცი, ე. პეტრი, დ. შტიდრი, ო. რიდი, ს. რიხტერი, დ. ოისტრახი, ე. გილელსი, მ. როსტროპოვიჩი და სხვ.

დღეს კონსერვატორიაში 400-მდე სტუდენტი სწავლობს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კონსერვატორიის სასწავლო-სამეცნიერო და საკონცერტო ცხოვრებაში, სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო თუ რესპუბლიკურ კონკურსებსა და კონფერენციებში. ძალზე დიდია პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სია.

1995 წლიდან სახელმწიფო კონსერვატორია გადავიდა ორსაფეხურიანი სწავლების ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაზე. 2005 წლიდან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია არის კონსერვატორიების ევროპული ასოციაციის წევრი. ამავე წელს შეუერთდა ბოლონიის პროცესის საგანმანათლებლო, კრედიტებისა და შეფასების საერთაშორისო სისტემას.

კონსერვატორიამ არა მარტო შეინარჩუნა მუსიკალური განათლების მდიდარი საუკუნოვანი ტრადიციები, არამედ დაიმკვიდრა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი პროფესიული და აკადემიური სასწავლებლის სტატუსი XXI საუკუნეში.

ფაკულტეტები: 

  • კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი
  • საშემსრულებლო ფაკულტეტი