Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> უმაღლესი სასწავლებლები > თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
 
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ოთხმოცწლიანი ისტორიის მქონე ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, მოწოდებული სწავლებისა და კვლევის გზით ცოდნის შექმნის, შეფასების და გავრცელებისათვის, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ფუნდამენტური და პრაქტიკული საფუძვლების შემუშავებისა და განვითარებისათვის. მისი წინამორბედის – თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის არსებობასთან ერთად, სამედიცინო უნივერსიტეტის და საქართველოში სამედიცინო განათლების ასაკი ცხრა ათეულ წელიწადზე მეტია.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლება, კვლევა და სამედიცინო საქმიანობა ურთიერთისგან განუყოფელია. ეს უზრუნველყოფს აკადემიური პროცესის დაგეგმვას და წარმართვას საზოგადოების პროგრესულად ცვლადი მოთხოვნების და თანამედროვე სამეცნიერო ცოდნის შესაბამისად.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საქმიანობის განმსაზღვრელი და სახელმძღვანელო პრინციპებია:

  • ცოდნის და კვლევის აკადემიური ხარისხი
  • დემოკრატიულობა
  • მართვის ორგანოების არჩევითობა და გამჭვირვალობა
  • აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება

საქართველოს უმაღლესი განათლების მარეგულირებელი, საკანონმდებლო ჩარჩოების განუხრელმა დაცვამ, უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სისტემის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ამოქმედებამ, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მარეგულირებელმა მექანიზმებმა, სამედიცინო განათლების საერთაშორისო გამოცდილების ანალიზმა ობიექტურად განაპირობა დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების კოორდინაცია და ინტეგრაცია.

სამედიცინო განათლების კონტინიუმის ეს პრინციპი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი სარეზიდენტო და უწყვეტი პროფესიული განვითარების, სამედიცინო და პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების ფართომასშტაბური მოქმედებითაა გამოხატული. ეს ტრადიციული სამედიცინო და, საზოგადოდ, საბუნებისმეტყველო სპეციალობების პროგრესული განვითარების საწინდარია. ეს უკანასკნელი კი კონცეფციის “სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში” (Life Long Learning – LLL) რეალიზების წინაპირობაა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფუნდამენტური და კლინიკური მეცნიერებების სწავლება და კვლევა დიპლომამდელი საგანმანათლებლო, სამაგისტრო, სადოქტორო და დიპლომისშემდგომი განვითარების პროგრამებით, ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით მიმდინარეობს კონკურენტული საერთაშორისო სამედიცინო განათლებისათვის აუცილებელი ძირითადი მიმართულებებით: დარგობრივი აკადემიური ცოდნა, ინფორმაციის მართვა, კლინიკური აზროვნება, პრაქტიკული და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მისიის, მისი განვითარების ამ ფილოსოფიის კვინტესენცია თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტთან – უნივერსიტეტთა დიდ ქარტიასთან მისი მიერთება იყო. საერთაშორისო საგანმათლებლო სივრცის განვითარების ვექტორის განმსაზღვრელი ეს ისტორიული მოვლენა 2005 წლის სექტემბერში ბოლონიის უნივერსიტეტში განხორციელდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი იყო აღნიშნულ დეკლარაციაზე ხელმომწერ 26 უნივერსიტეტს შორის. ეს ფაქტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია მსოფლიო და ევროპის საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცის სრულუფლებიანი წევრობისკენ მიმავალ გზაზე.

ფაკულტეტები:

  • მედიცინა
  • სტომატოლოგია
  • ფარმაცია
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა
  • ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
  • უცხოელ სტუდენტთა განათლება
  • საექთნო და პროფესიული პროგრამები
  • დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება