Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> ბიბლიოთეკები > თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ბიბლიოთეკა

 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ბიბლიოთეკა

იურიდიულ ფაკულტეტზე მოქმედებს ბიბლიოთეკა, სადაც მკითხველს შეუძლია ადგილზე ისარგებლოს იურიდიული მეცნიერებისთვის განკუთვნილი წიგნადი ფონდით. ბიბლიოთეკა აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით. ამასთან, ინტერნეტის საშუალებით სტუდენტს შეუძლია უფასოდ მოიძიოს მისთვის საინტერესო სამეცნიერო ინფორმაცია ფასიანი ვებ–გვერდებიდან (LexisNexis.com, Heinonline.com, Beck-online.de). ბიბლიოთეკაში მოქმედებს ელექტრონული კატალოგი, რაც მკითხველს უადვილებს ლიტერატურის მოძიებას.

ბიბლიოთეკა ორი დიდი განყოფილებისგან შედგება: 1) სისხლის სამართლის მიმართულების განყოფილება; 2) ყველა სხვა დანარჩენი მიმართულებისთვის (სამოქალაქო, ადმინსტრაციული და სხვ.) განკუთვნილი განყოფილება.

იურიდიული ფაკულტეტის განახლებული ბიბლიოთეკა თსუ მე–4 კორპუსში არსებული იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის მემკვიდრეა. აღნიშნული ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შემდეგ მთელი წიგნადი ფონდი გადმოვიდა განახლებულ ბიბლიოთეკაში, სადაც ძველ იურიდიულ ლიტერატურას დაემატა მრავალი ახალი ქართული თუ უცხოური იურიდიული ლიტერატურა. ამჟამად, ბიბლიოთეკაში მკითხველმა შეიძლება ისარგებლოს ქართული, გერმანული, ინგლისური, რუსული და მცირე რაოდენობით სხვა ენაზე არსებული ლიტერატურით.

ფაკულტეტის ბიბლიოთეკის განახლებასა და წიგნადი ფონდის შევსებაში დიდი წვლილი მიუძღვის იურიდიული ფაკულტეტის ყოფილ დეკანს პროფესორ დავით კერესელიძეს. მისი ძალისხმევით ფაკულტეტმა მოიძია სპონსორები. კერძოდ, ბიზნესმენ არმაზ თავაძისა და ჯიმშერ ჩხაიძის ფინანსური მხარდაჭერით თსუ მე–2 კორპუსის მე–2 სართულზე 2006 წელს გაიხსნა ფაკულტეტის ბიბლიოთეკა. 2007 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „შალვა რჩეულიშვილის სახელობის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ადვოკატს“ შორის დაიდო ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც ადვოკატ შალვა რჩეულიშვილის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თსუ მე–2 კორპუსის მე–3 სართულზე ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა და გარემონტდა სისხლის სამართლის მიმართულების ბიბლიოთეკა.

მიზნები:

იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამით მითითებული ლიტერატურითა და საკანონმდებლო მასალით მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილება;
კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობის უზრუნველყოფა;
ფაკულტეტზე სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ლიტერატურის და საკანონმდებლო მასალის მოზიდვა;
სამეცნიერო და სხვა ინტელექტუალური ხასიათის ღონისძიებებისთვის ხელშეყობა, თუკი ეს არ შეაფერხებს ბიბლიოთეკის გამართულ მუშაობას.