Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ორდღიანი ფორუმი


სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრმა კაჭრეთის „ამბასადორში“ ცენტრის სტიპენდიანტთა ორდღიანი ფორუმი გამართა. ფორუმი მიზნად ისახავდა საერთაშორისო პროგრამების სხვადასხვა თაობის სტუდენტების შეხვედრასა და გაცნობას, მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას. ფორუმში მონაწილეობას იღებენ როგორც კურსდამთავრებული სტუდენტები, ასევე მიმდინარე გრანტის მფლობელი და 2016-2017 სასწავლო წლის კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები. ფორუმის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრო.

ორდღიანი ფორუმის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ცენტრის მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროგრამულ ცვლილებებს, ახალ პროექტებსა და ინიციატივებს. ფორუმის მსვლელობისას, 2016-2017 სასწავლო წლის პროგრამის გამარჯვებულები შეხვდებიან ცენტრის კურსდამთავრებულ და მიმდინარე გრანტის მფლობელ სტიპენდიანტებს, კომისიის წევრებს (სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს) და ცენტრის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილავენ პროგრამის ბენეფიციარების უფლება-მოვალეობებს. კურსდამთავრებულები სტიპენდიანტთა ახალ ნაკადს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესის თავისებურებებს, ჯგუფურად იმუშავებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: უცხოეთში სწავლის დაგეგმვისა და სასწავლო პროგრამების შერჩევის სპეციფიკა, სასწავლო პრაქტიკის გავლა, კვლევის თემატიკის განსაზღვრა, სწავლის შემდგომ სამსახურის მოძიება საქართველოში და სხვა.

ფორუმი ორი დღის განმავლობაში სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს 8 სესიას შესთავაზებს. სესიების ფორმატი ითვალისწინებს როგორც პრეზენტაციასა და პანელს, ასევე ჯგუფურ მუშაობას „ღია სივრცეში“ (Open Space Technology), სადაც განსახილველი საკითხის წამოჭრა და თემატიკის განსაზღვრა თვითონ სტიპენდიანტებს შეეძლებათ. ორდღიანი ფორუმის განმავლობაში დაგეგმილი შეხვედრები, სესიები და ღონისძიებები ცენტრის ახალბედა სტიპენდიანტებს საერთაშორისო აკადემიური გამოწვევებისათვის, ხოლო მიმდინარე გრანტის მფლობელებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმებისა და ურთიერთთანამშრომლობის პროგრამებში აქტიური მონაწილეობისათვის მოამზადებს.