Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

პროფესიული განათლების რეფორმა 2014-2016 წლებში


dsc_6136საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2014-2016 წლებში პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმის შედეგები წარმოადგინა.

შემაჯამებელ კონფერენციაზე განხილული იყო 3 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი, ახალი პროექტები, არსებული ტენდენციები და მომდევნო წლების პრიორიტეტები…

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროფესიული განათლებით დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, 150-მდე განახლებული პროგრამითა და სრული სახელმწიფო დაფინანსებით 42 ათასამდე პირმა მიიღო პროფესიული განათლება.

ბოლო სამი წლის ძირითადი მიღწევები:

  • დაიწყო სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ე.წ. დუალური განათლების პილოტირება სოფლის მეურნეობისა და ღვინის წარმოების მიმართულებით;
  • მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმა და სისტემაში ინერგება მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები;
  • ახალ პროგრამებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მეწარმეობის სწავლებას სტუდენტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
  • ევროპული მიდგომებისა და გამოცდილების საფუძველზე, შეიქმნა არაფორმალური განათლების აღიარების კონცეფცია და მეთოდოლოგია, წარმატებით დასრულდა აღიარების პილოტირების პროცესი;
  • პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი გახდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვისაც;
  • 600-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირი ჩაერთო პროფესიულ განათლებაში, მათთვის ადაპტირდა გარემო და შეიქმნა სასწავლო რესურსები;
  • 1000-ზე მეტი მსჯავრდებული და ყოფილი პატიმარი ჩაერთო პროფესიულ პროგრამებში;
  • 11 კოლეჯში მოეწყო სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები (FABLA B);
  • მიმდინარეობს სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობა/რეაბილიტაცია;
  • ,,საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობით დაფუძნდა სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი;
  • მცხეთაში, სოფელ წინამძღვრიანთკარში ამოქმედდა ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი. უკვე დაწყებულია კოლეჯის სასწავლო ბაზების (ე.წ. ფილიალების) განვითარების პროცესი ყაზბეგსა და თიანეთში;
  • პირველი სტუდენტები მიიღო სამთო სათავგადასავლო ტურიზმის სკოლამ გუდაურში, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიასა და სამთო გიდების ასოციაციასთან თანამშრომლობით დაფუძნდა;
  • პროფესიულ პროგრამებზე ავტორიზაცია გაიარა აგარის საჯარო სკოლამ და გახდა პირველი საჯარო სკოლა, რომელსაც უფლება აქვს, ზოგადასაგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად განახორციელოს პროფესიული პროგრამებიც;
  • შრომის ბაზრის მოთხოვნების უკეთ დაკმაყოფილებისა და პროფესიულ განათლებაში STEM პროგრამების განვითარების მიზნით, ჩატარდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგრანტო კონკურსი და გამოვლინდნენ გამარჯვებული კოლეჯები. საგრანტო კომპონენტის მთლიანი ბიუჯეტი 12 მლნ. აშშ დოლარია;
  • სამინისტრომ შეიმუშავა პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის პროექტი, რომელშიც აისახა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნები, კოპენჰაგენის პროცესის მიდგომები და პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პრიორიტეტები და მათი განხორციელების ეფექტური გზები საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებზეც სამინისტრო ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.