Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

რამდენად აქვთ ქართველ სტუდენტებს ევროკავშირის ქვეყნებში სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობა


რამდენად აქვთ შესაძლებლობა ქართველ სტუდენტებს ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმების, პრაქტიკის გავლის ან სწავლის, ამის გასარკვევად საქართველოში არსებულ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს დავუკავშირდით. როგორც თბილისისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გვითხრეს, მათ რამდენიმე გაცვლითი და სასწავლო პროგრამა აქვთ თუმცა, როგორც წესი, მათ საქმიანობაში სტუდენტების ევროპაში დასაქმება არ შედის.

“თუმცა ის, რასაც ჩვენთან სწავლობენ ყველა ქვეყნის შრომის ბაზარზე გასვლაში დაეხმარებათ, რადგან რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის დაწერისა და გასაუბრების ტექნიკის სწავლა ნებისმიერ ქვეყანაში გამოადგებათ, თუმცა ჩვენ ასეთი მიმართულება, რომ ჩვენი სტუდენტები რომელიმე ქვეყანაში დასაქმდნენ, არ გვაქვს. ზოგადად კი ცენტრის ტრენინგებში გლობალური შრომის ბაზრისთვის მზადებასაც მოვიაზრებთ, მაგრამ რამე სპეციფიური არ არის და ვერც იქნება, რადგან ჩვენ დასაქმების სააგენტო არ ვართ.

ტრენინგის კლასიკური მოდული არის რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის დაწერა და ზოგადად სააპლიკაციო დოკუმენტების მომზადება. ასევე შედის გასაუბრება დამსაქმებელთან, თუ როგორ უნდ მოემზადონ სტუდენტები გასაუბრებისთვის, გამოიმუშაონ თვითპრეზენტაციის უნარები. ჩვენი ტრენინგი საზღვარგარეთ წასვლას არ ემსახურება, ეს ემსახურება მათი უნარის განვითარებას, რომელსაც სადაც უნდათ იქ გამოიყენებენ – საქართველოშიც და ევროპაშიც”, – ამბობს ხათუნა ცხადაძე.
გაცვლითი პროგრამები აქვს ილიაუნსაც. უნივერსიტეტის სტუდენტებს ევროპაში სწავლის გაგრძელება შეუძლიათ, თუმცა უკან უნდა დაბრუნდნენ. ამ დროისთვის ილიაუნს 7 გაცვლითი და სასწავლო პროგრამა აქვს. ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმების მეტი შესაძლებლობა აქვთ კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებს. როგორც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი მარი შაქარაშვილი ამბობს, მათ სტუდენტის კარიერული სერვისი აქვთ.

“ბევრი სტუდენტი ევროპაში სწავლის გაგრძელების შემდეგ უკან დაბრუნდა და საქართველოში სხვადასხვა კომპანიაში მუშაობს. ერთი სტუდენტი კომპიუტერული მეცნიერებიბიდან სტაჟირებაზე საზღვარგარეთ იყო წასული და იმდენად მოეწონათ, რომ სამსახური შესთავაზეს და დარჩა. ინჟინერიას და ფიზიკას ვინც სწავლობს, ასეთი სტუდენტები ან იმ უნივერსიტეტებში რჩებიან ან იქვე პოულობენ სამსახურს თუ არადა თავად კომპანიები სთავაზობენ.

“ჩვენი კურსდამთავრებულებიდან ბევრია წასული სტენფორდის, ჰარვარდის, კემბრიჯის უნივერსიტეტში და სწავლას იქ აგრძელებენ. ჩვენი დიპლომის განათლება და მათი ჯიპიაი ისეთია, რომ ამ დონის უნივერსიტეტები ჩვენს სტუდენტებს მარტივად იღებენ.

უახლესი გაცვლითი პროგრამა, რაც გვაქვს, ეს არის ესპანეთში, მადრიდში ესპანური ბიზნეს სკოლა, რომელიც მსოფლიო ათეულშია მოხვედრილი. პროგრამის მიხედვით ჩვენ ერთ სტუდენტს სრულად დავაფინანსებთ, ორს კი იქ სწავლის განმავლობაში შეღავათები ექნებათ. პროგრამა ეხება მაგისტრატურას, ითვალისწინებს მადრიდში სწავლას და შემდეგ უკან დაბრუნებას”, – ამბობს მარი შაქარაშვილი.

სტუდენტებს თითქმის ყველა ფაკულტეტზე სთავაზობს გაცვლით პროგრამას და ანაზღაურებად სტაჟირებას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის რექტორის, მამუკა თავხელიძის თქმით, სტუდენტების უმეტესობა, რომელიც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას იღებს, უკან ბრუნდება და მუშაობას საქართველოში იწყებენ.

“იურიდიული სამართლის ფაკულტეტზე რამდენიმე გაცვლითი პროგრამა გვაქვს. ერთ-ერთია ნანტის, საფრანგეთის უნივერსიტეტის პროგრამა, სადაც სწავლა ინგლისურად მიმდინარეობს და ჩვენიდან რამდენიმე სტუდენტი უკვე იყო წასული. სამართალზე ასეთივე პროგრამა გვაქვს პოლონეთის უნივერსიტეტში. საინტერესო პროგრამა გვაქვს მედია და კომუნიკაციის მიმართულებით, კერძოდ საფრანგეთის მედიის უმაღლეს სკოლაში სტუდენტებს სტაჟირებაზე ვუშვებთ და იქ პრაქტიკულ კურსს გადიან.

ბიზნესის ფაკულტეტზე ყველაზე უფრო ფართო არჩევანია. გვაქვს ორმაგი დიპლომის პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტი სამი წელი ჩვენთან სწავლობს, მეოთხე წელს მიდის უნგრეთში და იღებს ოქსფორდის უნივერსიტეტის დიპლომს.

ასევე გვაქვს პროგრამები, რომლის საშუალებითაც სტუდენტები გერმანიაში სხვადასხვა კომპანიასა და ბანკებში სტაჟირებას გადიან. ეს სტაჟირება ანაზღაურებადია. ისინი თავად წყვეტენ ჩამოვლენ თუ იქ გააგრძელებენ მუშაობას. მაგალითად უნგრეთში ორმაგი პროგრამით ერთ სტუდენტს შესთავაზეს დარჩენა მაგრამ არ დარჩა და აქ დაბრუნდა”, – ამბობს მამუკა თავხელიძე.

წყარო:allnews.ge