Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

ყოველდღიურად განახლებადი 10 მილიონი ვაკანსიის ბაზა ქართველი ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი იქნება


დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში წლებია ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება
იმის მიუხედავად, რომ 2015 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 12 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. „საქსტატის“ მონაცემებით, გასულ წელს უმუშევრობა ქვეყანაში 12%-ით შემცირდა. თუმცა წინა წელთან შედარებით, 1,5%-ით – 32%-მდე არის გაზრდილი 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სამსახურის მოძებნა კურსდამთავრებულთათვის საქართველოში მთავარი სირთულეა. მსგავსი პრობლემა ასევე აქტუალურია მსოფლიოს მასშტაბით. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 15-24 წლის ასაკის დაუსაქმებელი ახალგაზრდების რაოდენობა 13,1%-ს მიაღწევს.

ექსპერტთა განცხადებით, ახალგაზრდების უმუშევრობას ძირითადად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ახალგაზრდებში საჭირო უნარ-ჩვევების არარსებობა, მხოლოდ თეორიული ცოდნა, თანამედროვე შრომითი ბაზრის შესახებ ნაკლები ინფორმირებულობა და ისეთი სამუშაო ადგილების არარსებობა, სადაც ახალბედების დასაქმებით არიან დაინტერესებული.

საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ასევე არის ასაკობრივი დისკრიმინაცია შრომით ბაზარზე. საკმაოდ ხშირად ვაწყდებით ისეთ ვაკანსიებს, სადაც დისკრიმინაციული მოთხოვნებია, მაგალითად, სამუშაოს დაწყების მსურველი კონკრეტული სქესის ან ასაკისა უნდა იყოს. განვითარებულ ქვეყნებში ასეთი დისკრიმინაცია მკაცრი კანონებით რეგულირდება, რომლებიც საქართველოში არ მოქმედებს.
უმუშევრობის შემცირების მიზნით, განვითარებულ ქვეყნებში ასევე შეიცვალა საგანმანათლებლო პოლიტიკა. იმისათვის, რომ კურსდამთავრებულებმა ადვილად იშოვონ სამსახური, ბევრმა ევროპულმა საგანმანათლებლო სისტემამ სტაჟირება სასწავლო პროგრამის ნაწილად აქცია. ასევე ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებს ცენტრები და გადამზადების კურსები, სადაც ახალგაზრდები ეუფლებიან სამსახურის დაწყებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

ახალგაზრდების დასაქმების პრობლემის მოგვარების მიზნით, „სილიკონ ველი თბილისის“ სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა უპრეცედენტო პროექტი დაიწყო. პროექტი უნივერსიტეტის მიერ გადამზადებული კადრებისთვის, მოგვიანებით კი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ხელმისწავდომს ხდის ბაზას, რომელზეც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული და ყოველდღიურად განახლებადი 10 მილიონი ვაკანსია იდება.
დისტანციურად შესასრულებელი სამუშაო პოზიციები მოიცავს ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებს. გარდა ამისა, 15

ოქტომბრიდან „სილიკონ ველი თბილისი“ სტუდენტებისა და მათ მიერ შექმნილი სტარტაპების გადამზადების პროგრამებს დაიწყებს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ხდება დასაქმების საერთაშორისო ბაზრებზე არსებული პოზიციები.
„სპეციალური გადამზადების პროგრამებით, შესაძლებელი ხდება ბენეფიციართათვის ყოველდღიურად განახლებადი 10 მილიონი სამუშაო პოზიციის შეთავაზება. კვალიფიციური კადრების მიწოდებით ამაღლდება საქართველოს რეიტინგი დასაქმების საერთაშორისო ბირჟაზე, რაც ქვეყანაში ყოველგვარი დამატებითი ინვესტიციების გარეშე ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს. ჩვენ სივრცეში მოხდება კადრების გადამზადება ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ყველაზე მოთხოვნად სფეროებში, სასწავლო კურსებს კი წამყვანი, პრაქტიკოსი სპეციალისტები ჩაატარებენ“, – აღნიშნავს მიხეილ ბატიაშვილი.
გადამზადების პროცესში ახალგაზრდები პირველ ეტაპზე ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებისთვის საჭირო მარტივ უნარებს შეისწავლიან. 16-17 წლის ახალგაზრდები ცენტრში შეძლებენ საჭირო კომპიუტერული უნარ-ჩვევების შეძენას და შემდგომში 10-მილიონიანი სამუშაო ბაზის მეშვეობით სასურველი სამსახურის მოძებნას როგორც დისტანციურად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მდებარე წამყვან კომპანიაში, ასევე ადგილობრივ ბაზარზე.