Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

დამსაქმებელთა ფორუმი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის


პროფესიულ კოლეჯში „იკაროსი“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის  „დამსაქმებელთა ფორუმი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე პროფესიული კოლეჯის „იკაროსი“ წარმომადგენლებმა, დამსაქმებელთა ჩართულობის გაზრდის კუთხით, საკუთარი გამოცდილება ფორუმის მონაწილეებს გაუზიარეს. კერძოდ, თუ როგორ ხდება ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინება ტურიზმის სექტორში. ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯის არსებული და პოტენციური დამსაქმებლები, სტუდენტები, პედაგოგები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა სტუდენტთა კონკურსი კოლეჯში არსებულ სპეციალობებში და პედაგოგთა მასტერკლასები.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ფინანსდება ისეთი პროექტები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ბიზნესის წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკას ანვითარებენ, ნერგავენ შრომის ბაზარზე მოთხოვნად და ინდუსტრიის საჭიროების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე სონია შარიგიანი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე.