Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

დეტალური ინფორმაცია Erasmus+ სტიპენდიების შესახებ No rating results yet


დეტალური ინფორმაცია Erasmus+ სტიპენდიების შესახებ

scholarship

Erasmus+ პროგრამა გაძლევთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის საშუალებას.

სტუდენტებისათვის და კურსდამთავრებულებისათვის არსებობს Erasmus+ ორი ქვეპროგრამა:

1) Credit Mobility – მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამა (3–12 თვე) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტის სტატუსის მქონე პირებისათვის. პროგრამის წინაპირობაა საქართველოს და ევროპის უნივერსიტეტებს შორის საპარტნიორო ხელშეკრულების არსებობა. ანუ თუ თქვენი უნივერსიტეტი, რომელშიც ეხლა საქართველოში სწავლობთ, არაა ჩართული Erasmus+ პროგრამაში, თქვენ ინდივიდუალურ დონეზე ამ პროგრამის კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებთ.

გთავაზობთ Erasmus+ Credit Mobility პროგრამაში მონაწილე ქართული უნივერსიტეტების და მათი ევროპელი პარტნიორების არასრულ სიას რომელიც მუდმივად განახლდება.

Erasmus+ ეროვნული ოფისი არ ატარებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც გაცვლით პროგრამებში უნდათ მონაწილეობის მიღება – ოფისის ამოცანაა, ხელი შეუწყოს საქართველოს და ევროპის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას, კონკრეტული გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირება კი უკვე პროექტის ფარგლებში თავად მონაწილე პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ ხორციელდება. გაითვალისწინეთ, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის წესები და პირობები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ აუცილებლად გაეცანით ყოველი პროექტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას და მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია თქვენი ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაციისაგან.

2) Degree Mobility – სასტიპენდიო პროგრამა მათთვის, ვისაც ევროპაში უნდა მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვება. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქართული უნივერსიტეტი გაქვთ დამთავრებული – კონკურსში მონაწილეობას ინდივიდუალურად იღებთ.

ა) თუ თქვენ უკვე მიღებული გაქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მაშინ Joint Master Degree Programmes ფარგლებში შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ინდივიდუალურ კონკურსში. ეს პროგრამა (ყოფილი Erasmus Mundus Action 1a) გთავაზობთ სრულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საშუალებას. განაცხადი იგზავნება პირდაპირ პროგრამის მაკოორდინირებელ უნივერსიტეტში. დეტალური ინფორმაცია თითოეულ სამაგისტრო პროგრამაზე (დაშვების წესები, კონკურსის ვადები და საჭირო საბუთები) მოცემულია პროგრამის ვებგვერდზე.

რა უნდა იცოდეთ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შესახებ

მიმდინარე პროგრამების ჩამონათვალი კონკურსის ვადების და სწავლების ენის მითითებით

ბ) თუ თქვენ უკვე მიღებული გაქვთ მაგისტრის აკადემიური ხარისხი, მაშინ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ Erasmus Mundus Joint Doctorateპროგრამაში (ყოფილი Erasmus Mundus Action 1b). ეს პროგრამაც ინდივიდუალური კონკურსის გამარჯვებულებს სთავაზობს სრულ სადოქტორო პროგრამაზე სწავლას. განაცხადი იგზავნება პირდაპირ მაკოორდინირებელ უნივერსიტეტში. 2014 წლიდან პროგრამის ადმინისტრირებას აღარ განახორციელებს Erasmus+ და ის გადაეცა Horizon 2020-ს.

ინფორმაცია სტუდენტებისათვის.

staff

ინდივიდუალური გრანტები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეუძლია ასევე ინდივიდუალურ პროგრამებში მიიღოს მონაწილეობა:

  • Erasmus+ საგრანტო კონკურსი ხელს უწყობს საქართველოს და ევროპის უნივერსიტეტთა ახალ პარტნიორულ ურთიერთობას. კონკურსში ჯერ განაცხადებს საქართველოს და ევროპის პარტნიორი უნივერსიტეტები წარადგენენ, და შემდეგ, ამ კონკურსის გამარჯვებულებს შეეძლებათ აკადემიური და ადმინისტრაციული მობილობის განხორციელება. გთავაზობთ Erasmus+ Credit Mobility პროგრამების მუდმივად განახლდებად სიას.
  • ქართველ პროფესორებს ასევე შეუძლიათ მიწვული ლექტორის სტატუსით მიიღონ გრანტი და ჩაატარონ ლექცია/სემინარები ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე. განაცხადი უნდა წარედგინოს უშუალოდ პროგრამის განმახორციელებელ ევროპულ უნივერსიტეტს. პროგრამების ჩამონათვალი იხ. აქ.

ინფორმაცია უცხოელი სტუდენტებისთვის, ვისაც საქართველოში სურს სწავლა, მოცემულია აქ.

ამ ლინკზე განთავსებული ინფორმაცია დაგეხმარებათ პროგრამის შერჩევაში:

http://eacea.ec.europa.eu/erasmus_mundus/funding/scholarships_students_academics_en.php

 

Erasmus+ სასწავლო მობილობახშირად დასმული კითხვები

ევროკავშირის სპეციალური გამოცემა Erasmus+ პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისათვის FAQ ფორმატში.

რა პერიოდით შეუძლია სტუდენტს სასწავლო მობილობით სარგებლობა ?

სტუდენტს შეუძლია სასწავლებლად წავიდეს 3 –12 თვის ვადით (სტაჟირების ვადის ჩათვლით თუ ეს გათვალისწინებულია/დაგეგმილია წინასწარ). თითოეულ სტუდენტს აქვს საშუალება მიიღოს გრანტი სასწავლო მიზნებისთვის საერთო ჯამში 12 თვის ვადით (თითოეულ საფეხურზე):

  • უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლის პერიოდში (ბაკალავრიატი ან მასთან გათანაბრებული), ასევე მოკლე ციკლის განმავლობაში (EQF 5 და 6 დონეზე).
  • უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლის პერიოდში (მაგისტრატურა ან მასთან გათანაბრებული – EQF 7 დონე).
  • უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე სწავლის პერიოდში დოქტორანტის სახით (EQF დონე 8).

აუცილებელი პირობები

სტუდენტი უნდა იყოს დარეგისტრირებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და იყოს ჩართული სასწავლო პროცესში, რომელიც საბოლოოდ მიანიჭებს მას აღიარებულ აკადემიურ ხარისხს ან სხვა უმაღლესი დონის კვალიფიკაციას (დოქტორანტის ხარიხის ჩათვლით).

მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ჩარჩოს ფარგლებში, რომელშიც ჩართულნი არიან გამგზავნი და მიმღები უნივერსიტეტები (ე.წ. Learning agreement).

გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც განაცხადი შეგაქვთ სრული სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის გავლაზე (Joint Master ან Joint Doctorate) – ამ შემთხვევაში აპლიკანტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც პროგრამაზე დაშვების წინაპირობას ასრულებს (მაგისტრატურაში სწავლისათვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და დოქტორანტურაში სწავლისათვის – მაგისტრის აკადემიური ხარისხი) და არა აქვს მნიშვნელობა, თქვენი უნივერსიტეტის მონაწილეობას პროგრამაში.

როგორია წინასწარი სამზადისი ?

გამგზავრების წინ მობილურ სტუდენტს უნდა გადაეცეს:

  • საგრანტო ხელშეკრულება, გათვლილი მობილობის სრულ პერიოდზე და ხელმოწერილი სტუდენტისა და გამგზავნი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
  • სასწავლო ხელშეკრულება (Learning agreement) – წინასწარ განსაზღვრული სასწავლო პროგრამით, დამოწმებული სტუდენტის, გამგზავნი და მიმღები უმაღლესი სასწავლებლების მიერ.
  • Erasmus + სტუდენტური ქარტია (Erasmus+ Student Charter) – რომელშიც მოცემულია სტუდენტის უფლებები და მოვალეობები მისი მობილობის პერიოდისთვის.

მობილობის პერიოდის დასასრულს:

  • მიმღებმა უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს სტუდენტი და გამგზავნი უნივერსიტეტი ე.წ. ნიშნების ფურცლით, დასტურად იმისა, რომ სტუდენტის მობილობის პროგრამა დასრულებულია შეთანხმებისამებრ დაგეგმილი შედეგებით.
  • გამგზავნმა უნივერსიტეტმა უნდა აღიაროს დამაკმაყოფილებლად დასრულებული სასწავლო შედეგები, რომლებიც მიღებული იქნა სტუდენტის მიერ მობილობის პერიოდში (სასწავლო ხელშეკრულების მიხედვით, კრედიტების (ECTS) სისტემის ან მასთან გათანაბრებული სხვა სისტემის გამოყენებით). მობილობის პერიოდი ასევე უნდა აისახოს/ჩაიწეროს დიპლომის დანართში.

იქნება თუ არა უზრუნველყოფილი ფინანსური დახმარება ან ანაზღაურებული გადასახადები?

სტუდენტები დაფინანსდებიან Erasmus + ევროკავშირის გრანტით, გაცვლითი პროგრამის პერიოდში საჭირო სამოგზაურო და საარსებო ხარჯების დაფარვისათვის.

სასწავლო პერიოდში Erasmus + სტუდენტები განთავისუფლებულნი არიან სასწავლო გადასახადისგან, ასევე: რეგისტრაციის, გამოცდების, ბიბლიოთეკისა და ლაბორატორიების მოხმარების საფასურის გადახდისგან მიმღებ უნივერსიტეტში. მობილობის პერიოდში სტუდენტის ფინანსური ვალდებულებები გამგზავნი უნივერსიტეტის მიმართ უნდა იქნას შენარჩუნებული.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა მიმართონ საკუთარ უნივერსიტეტებში არსებულ საერთაშორისო ურთიერთობის / Erasmus + დეპარტემენტებს, სადაც გაეცნობიან საზღვარგარეთ სწავლის საშუალებებსა და პირობებს Erasmus + ევროკავშირის გრანტის მისაღებად.

ენის ცოდნა

ცხადია, აუცილებელია იმ ენის ცოდნა, რომელზედაც მიმღებ ევროპულ უნივერსიტეტში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი (შეგახსენებთ, რომ ხშირ შემთხვევაში არაინგლისურენოვანი ქვეყნებიც მობილურ სტუდენტებს სასწავლო პროგრამებს ინგლისურ ენაზე თავაზობენ). ენის ცოდნის დადასტურებას სხვადასხვა უნივერსიტეტი განსხვავებულად ითხოვს: რიგ შემთხვევებში საკმარისია ცნობის წარდგენა გამგზავნი უნივერსიტეტიდან, რომ სტუდენტს გავლილი აქვს უცხო ენის კურსი და დაგროვილი აქვს კრედიტების გარკვეული რაოდენობა; რიგ შემთხვევებში გამგზავნ უნივერსიტეტს ევროპელი პარტნიორები თხოვენ უცხო ენაში დამატებითი გამოცდის ან გასაუბრების ჩატარებას; ხოლო ზოგი ევროპული უნივერსიტეტი ითხოვს ენის ცოდნის სპეციალური სერტიფიკატის წარდგენას (მაგ. IELTS, TOEFL, GMAT, GR, etc). აუცილებლად გაეცანით მობილობის კონკრეტული პროექტის ფარგლებში ენის ცოდნის მოთხოვნებს და გაიარეთ კონსულტაცია თქვენ უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამებზე პასუხისმგებელ პირებთან.

აქვთ თუ არა ერაზმუსის პროგრამის ამჟამინდელ სტიპენდიანტებს კიდევ ერთხელ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება?

ერაზმუსის სტიპენდია შეგიძლიათ მიიღოთ ერთხელ უმაღლესი განათლების ერთ საფეხურზე. ანუ, ბაკალავრიატში სწავლისას თუ გახდით ერაზმუსის სტიპენდიანტი, ბაკალავრიატში მეორეჯერ ამ სტიპენდიას ვერ მიიღებთ, მაგრამ შეგიძლიათ მიიღოთ სტიპენდია მაგისტრატურის პროგრამაზე სწავლისათვის. თუ მაგისტრატურაში გქონდათ სტიპენდია, მაშინ განმეორებით სტიპენდიას მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურზე მიიღებთ. ანუ თეორიულად, ერთ პირს შეუძლია ერაზმუსის სტიპენდია მიიღოს მაქსიმუმ სამჯერ, ოღონდ თითო-თითოჯერ ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორნატურაში.

შეუძლია თუ არა ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტს მაგისტრატურაში სწავლაზე განაცხადის შევსება?

ზოგი პროგრამა ითხოვს ბაკალავრის დიპლომს, ანუ განაცხადის შევსების მომენტში თქვენ ბაკალავრიატი უკვე დასრულებული უნდა გქონდეთ; ზოგი კი იღებს მეოთხეკურსელი ბაკალავრების განაცხადებს. გაითვალისწინეთ, რომ სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის წესები და პირობები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ აუცილებლად ყურადღებით გაეცანით ყოველი პროექტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

მობილობისათვის საჭირო საბუთები

მობილობის სხვადასხვა პროგრამა განსხვავებულ საბუთებს ითხოვს, მაგრამ როგორც წესი, ძირითადი საბუთების ჩამონათვალი მსგავსია. მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარადგინოს:

  • CV (გირჩევთ გამოიყენოთ Europass ფორმატი )
  • ცნობა სტუდენტობის შესახებ ან უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთი
  • ენის სერტიფიკატი / ცნობა ენის ცოდნის შესახებ
  • სამოტივაციო წერილი
  • უკვე გავლილი საგნების ჩამონათვალი კრედიტებისა და შეფასების მითითებით (გაიცემა უნივერსიტეტის მიერ)
  • რიგ შემთხვევებში დამატებით ითხოვენ სარეკომენდაციო წერილს პროფესორებისგან
გზამკვლევი სტუდენტებისათვის: სასარგებლო ინფორმაცია მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სურს სწავლა.
 
 
Erasmus–ის სტიპენდიანტებისათვის
 
სტიპენდიის მიღების შემდეგ კონსულტაციას ევროპის უნივერსიტეტში სწავლის პირობების შესახებ, მგზავრობის, დაბინავების, დაზღვევის და სხვა საკითხების შესახებ გაგიწევთ თქვენი მშობლიური და მასპინძელი უნივერსიტეტები. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ამ წყაროებიდანაც:
ასევე გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე ევროპის ქვეყნებში და პრობლემების შემთხვევაში, საჩივრის ფორმას.

სტატიის წყარო: Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის გვერდი

*** გაინტერესებთ  სტიპენდიები, სწავლა საზღვარგარეთ, განათლების გამოფენები, უცხო ენათა შესწავლა, საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადება, ტრეინინგები სხვადასხვა თემებზე, პროფესიული სწავლება ან აბიტურიენთა მოსამზადებელი ცენტრები?  ეწვიეთ ვებ-გვერდს  Edu-Guide.ge -ს და არ გამოტოვოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამები! ***

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე და არ გამოტოვოთ არცერთი საინტერესო პროგრამა: https://www.facebook.com/EduGuide.Ge/

 

Please rate this